გრძელდება ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ სიიმ კალასთან, ევროკომისიის საშინაო საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორ შტეფანო მანსერვისთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპასა და ცენტრალური აზიის საკითხების მმართველ დირექტორთან მიროსლავ ლაიჩაკთან და ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის საერთაშორისო კრიზის ჯგუფის, ღია საზოგადოების ინსტიტიუტისა და ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ სიიმ კალასთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების აუცილებლობას, აგრეთვე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საჭიროებას. აღინიშნა, რომ დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით მნიშვნელოვანია ტრასეკას პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელება, აგრეთვე, ევროპის საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სისტემებთან მიერთება, როგორც ეს განხორციელდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საშუალებით. გიორგი ბარამიძემ ვრცლად ისაუბრა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტში მიმდინარე იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირთან კავშირს უფრო გააფართოვებს. საუბარი შეეხო საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკაციის სისტემის ხელახლა აღიარებისა და საქართველოს საზღვაო დროშის გათეთრების მიმართულებით მიმდინარე რეფორმასაც.
ევროკომისიის საშინაო საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორ შტეფანო მანსერვისთან შეხვედრისას გიორგი ბარამიძემ ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ განახორციელა მიგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესების, კორუფციასთან, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელება ხელს შეუწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დროულად დაწყებას. საუბარი შეეხო ასევე, ევროკავშირთან „პარტნიორობა მობილურობის" ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას და ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ მიგრანტთა ლეგალურად დასაქმებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებს.
ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპასა და ცენტრალური აზიის საკითხების მმართველ დირექტორთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი განვითარების პერსპეტივებზე, განიხილეს არსებული გამოწვევები და იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებზე. მიროსლავ ლაიჩეკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც მისი რწმენით არასდროს არ შეიცვლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირის მონაწილეობის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ჩართულობის" სტრატეგიის განხორციელების საკითხებს. გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხსენებულ საკითხებზე ურთიერთკოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობას.