რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების წინაშე მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საბოლოოდ კრიზისს თავს 2012 წლისთვის დააღწევს.
ამასთან, მოხსენებით გამოსვლისას პუტინი შეეხო სახელმწიფო მართვის სისტემის გარდაქმნასა და სოციალური სფეროს პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. მისი თქმით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში რუსეთმა უნდა გააორმაგოს საცხოვრებელი ფართის მშენებლობის მოცულობა და უნდა შეამციროს იპოთეკური საპროცენტო განაკვეთები. ამასთანავე, როგორც პუტინმა აღნიშნა, ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს „გაუმართლებელი ექსპერიმენტებისგან":
"ქვეყნისთვის აუცილებელია ათწლეულობით მშვიდი, მდგრადი განვითარება, ყოველგვარი მიდებ-მოდების, დაუფიქრებელი, გაუმართლებელ ლიბერალიზმთან შეზავებული ექსპერიმენტების გარეშე, სოციალური დემაგოგიის გარეშე", - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.