21 აპრილს 10:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (უზნაძის #52) გაიმართება ბრიფინგი, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ტურიზმის მიმართულებით დამტკიცებულ ახალ პროფესიულ სტანდარტებს წარადგენენ. სამუშაო ჯგუფმა სულ 8 სტანდარტი შეიმუშავა და თითოეული მათგანი პროფესიულ სასწავლებლებში სხვადასხვა საფეხურებზე ისწავლება.
ახალი სტანდარტების მიხედვით სწავლების ხანგრძლივობას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ.
დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივად შეიმუშავეს. სტანდარტების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ ტურიზმის სფეროში მოღვაწე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დამსაქმებლები (სასტუმროების ქსელები, ტუროპერატორები) და ექსპერტები.