არაბული ქვეყნები ეგვიპტის ახლანდელ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლების მიზნით მილიარდ დოლარს სთავაზობენ. ამის თაობაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ეგვიპტის სამხედრო მმართველობასთან მოლაპარაკებას უკვე მართავს.
ცნობისთვის, 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, სახელმწიფოს მეთაურის რანგში თავისი უფლებამოსილება მოიხსნა. 25 იანვრიდან დაწყებული, მის გადადგომას ანტისამთავრობო გამოსვლები უძღოდა. ამჟამად ხელისუფლება შეიარაღებული ძალების უმაღლეს საბჭოს გადაეცა, რომელსაც გენერალი მუჰამედ ტანტავი ხელმძღვანელობს.
მუბარაქს კორუფციასა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. დაკითხვისას ექს-პრეზიდენტმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სროლისა და ცემის უფლება არასდროს გაუცია.
ამასთან, მუბარაქმა სხვა ბრალდებებიც უარყო. გადადგომის შემდეგ "ალ-არაბიას" ტელევიზიით თავის პირველ გამოსვლაში მუბარაქმა განაცხადა: "არანაირ ფინანსურ აქტივებსა და საზღვარგარეთ ქონებას არ ვფლობ და ამის დასამტკიცებლად პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. მე და ჩემი ოჯახი დისკრედიტირებულნი ვიყავით. ჩემი ოჯახისა და ჩემს რეპუტაციას დავიცავ",_აღნიშნა მუბარაქმა.
ამასთან, ექს-პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას საბანკო ანგარიშები ეგვიპტის ერთ-ერთ ნაციონალურ ბანკში აქვს.
თუკი ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებები დაუმტკიცდება, მას სიკვდილით დასჯა ელის.