"ტყის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა, საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა კანონმდებლებს მთავრობის სახელით ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა სთხოვა.
ხუროშვილის წინადადებას სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, რომლის განმარტებითაც, კანონპროექტის მიღება მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში, 19 მაისამდე მოხდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუმარტა, "ტყის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, ბუნებრივი რესურსების სააგენტო დაამზადებს სპეციალურ ფირნიშებს, რომელსაც კონკრეტული ნომერი ექნება და აისახება ელექტრონულ ბაზაში. ფირნიშები გაიცემა ლიცენზიის მფლობელს პირებზე და იქნება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
ასევე მკაცრდება პასუხისმგებლობა ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის მორების უკანონო ბრუნვაზე, კერძოდ კი, ტყით უკანონო სარგებლობისთვის პირი პირველ შემთხვევის დროს 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ერთი წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ კიდევ ორი კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კერძოდ კი საკანონმდებლო ორგანოში ბუნებრივი რესურსების რეგულირების საფასურთან დაკავშირებული კანონპროექტი შევიდა.
"შემოდის ბუნებრივი რესურსების რეგულირების საფასური, რომლის გადახდის წესს და ოდენობას საქართველოს მთავრობა დაადგენს", - აღნიშნა ხუროშვილმა.
ამასთან, მთავრობამ "იმერეთის მღვიმეების შესახებ" კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც სათაფლიას ნაკრძალის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.
ხუროშვილის თქმით, კანონპროექტის მიზანია ნაკრძალის ყველა ტურისტული მარშუტის ათვისება და ინვესტიციების მოზიდვა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება სათაფლიას ნაკრძალის ზონირება, კერძოდ კი ნაკრძალის ნაწილი გადავა აღკვეთილის რეჟიმში, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.