სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის" მიერ, საგანგებოდ საგაზაფხულო დღესასწაულებისთვის შექმნილი სადაზღვევო პროდუქტი „ლედი კასკო" ქალი მძღოლებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.
კომპანიის მენეჯმენტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, პროდუქტის გაყიდვებმა დაგეგმილს 150%-ით გადააჭარბა და ზრდის ტემპი პროდუქტის გამოსვლიდან 2 თვის შემდეგ კვლავ მაღალი რჩება.
სადაზღვევო კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, გაყიდვების მოცულობის ზრდა რამდენიმე მიზეზმა, მათ შორის სადაზღვევო პაკეტის დაბალმა ღირებულებამ განაპირობა.
„ჩვენი ბაზრისთვის უპრეცედენტო საპროცენტო განაკვეთი - 3,3%, რომელიც ავტომობილის დაზღვევის სრულ პაკეტს მოიცავდა, ქალბატონებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. დამატებითი მომსახურებები კი ჩვენს ახალ მომხმარებელს დამატებით სტიმულს აძლევს," - აცხადებს „არდი ჯგუფის" სტრატეგიული განვითარების დირექტორი გიორგი ლომიძე.
აღსანიშნავია, რომ „ლედი კასკოს" პაკეტით დაზღვეულ ქალბატონებს საჩუქრად ბრენდული მაღაზიების „მანგოს", „მექსის", „ბენეტონის", „აქსესორაისისა" და „ისი პარის" 50, 100 და 150 ლარის ღირებულების ვაუჩერები ეკუთვნით. სასაჩუქრე პაკეტში სილამაზის სალონების ქსელის „ნატალის" სოლარიუმებზე 40%-იანი ფასდაკლებაც შედის.
„ლედი კასკოს" პროდუქტით მოზიდული პრემიის ნახევარზე მეტი ახალ მომხმარებლებზე მოდის ანუ იმ ქალბატონებზე, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ სადაზღვევო პროდუქტებით. ბაზარზე ასეთი პროდუქტის გამოტანის ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო - გავაცნოთ სადაზღვევო სერვისების უპირატესობები რაც შეიძლება მეტ ავტომფლობელს " - აცხადებს გიორგი ლომიძე.
„ლედი კასკოს" პაკეტში არსებული პირობები ძალაში წლის ბოლომდე იქნება.
სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი" 2010 წლის აპრილში დაფუძნდა და უკვე მოიპოვა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანიის სახელი. "არდი ჯგუფი" დაკომპლექტებულია სადაზღვევო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრებით.
მასალის გამოყენების პირობები