თბილისში მორიგი ვიზიტით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ჩამოვიდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტი ამჯერად ევროსაბჭოს კომისრის მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების გაცნობას ეთმობა.
"კომისარი შეისწავლის ადამიანის უფლებებს და მართლმსაჯულების სისტემის შეფასებას გააკეთებს. ამ მიზნით თომას ჰამარბერგი იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროებში, ასევე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გამართავს შეხვედრას. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ", - განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე მსგავსი ხასიათის ვიზიტებს მიესალმება, რადგან შესაბამის "დასკვნებში გამოთქმულ შენიშვნებზე ხელისუფლება მეტს სწავლობს".
ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს კომისარი ოკუპირებულ ცხინვალშიც გეგმავს ჩასვლას.