აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ, "ქორთიარდ მარიოტში" დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე: "ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო: წარსული და არსებული მდგომარეობა". ბარამიამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ისტორიაზე, რეგიონის ოკუპაციასა და იქ არსებულ ვითარებაზე.
"პრეზენტაციის მიზანი იყო, დიპლომატებისთვის გაგვეცნო აფხაზეთის ხვედრითი წილი საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მათ უნა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესი და მომავალში მეტი ქმედითუნარიანი მექანიზმის შემუშავება საერთაშორისო ორგანიზიციებთან ერთად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს ამ რეგიონის დეოკუპაცია და საქართველოს გამთლიანება", - განაცხადა ბარამიამ.
ბარამიამ ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ დემოგრაფიულ ვითარებაზე, რეგიონის მილიტარიაზაციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კრიმინოგენულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს აფხაზეთში არსებული რთული ეკოლოგიური პროცესები გააცნო, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან ინერტული მასალის და უნიკალური ჯიშის ხე-ტყის უკანონო გატანას ეხება.
მან ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სფეროზე.
ამასთან, "ქორთიარდ მარიოტის" ფოიეში აფხაზეთის ომამდელი და ომის შემდგომი პერიოდის ამსახველი ფოტოგამოფენა და ვიდეოინსტალაცია მოეწყო.