როსტოვის ოლქის მართლმადიდებელი ტაძრების პროტოიერეიმ იოანე ოსიაკმა რუსეთის უმაღლეს მუფტს თალგატა თაჯუდინას კონტრწინადადებით უპასუხა. ამ უკანასკნელს რუსეთის გერბზე ნახევარმთვარის გამოსახვა სურდა.
თავის მხრივ, მართლმადიდებელი ტაძრების პროტოიერეი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე უმჯობესი იქნებოდა, თუკი მუსულმანი ქვეყნების ოფიციალურ სიმბოლიკაზე ქრისტიანულ ჯვარს გამოსახავდნენ.
"ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ მუსულმანურ ქვეყნებში ნახევარმთვარესთან ერთად ჯვარს დასვამენ", _ აცხადებს პროტოიერეი იოანე ოსიაკი.
მისი თქმით, თალგატა თაჯუდინას წინადადება, შესაძლოა, რუსმა ხალხმა არასწორად გაიგოს.
"რუსეთში ქრისტიანებიც ცხოვრობენ და მუსულმანებიც. თუმცა ტრადიციულად, სახელმწიფო მართლმადიდებლურია. შესაბამისად, მუფტის შეთავაზება არასწორი მიდგომაა", _ აღნიშნა იოანე ოსიაკმა.
შეგახსენებთ, რუსეთის უმაღლესი მუფტი თალგატა თაჯუდინა მიიჩნევს, რომ რუსეთის გერბზე გამოსახული არწივის თავი ნახევარმთვარით უნდა დაგვირგვინდეს. ამ წინადადებით მან რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს უკვე მიმართა.