მუამარ კადაფის გადადგომასთან დაკავშირებით დასავლეთის მოთხოვნას ლიბიის ლიდერის ქალიშვილმა შეურაცხმყოფელი უწოდა. რადიო "მაიაკის" ცნობით, აიშა კადაფიმ დღეს დილით ტრიპოლის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. იგი აშშ-ის მიერ ლიბიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის 25 წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე მამის მომხრეთა წინაშე გამოვიდა.
მან ყველას შეახსენა, რომ 1986 წლის 15 აპრილის ღამეს აშშ-მ ოპერაცია "კანიონ ელდორადო" განახორციელა და ტრიპოლსა და ბენგაზზე ავიაიერიში მიიტანა.
"1911 წელს ჩემი ბაბუა იტალიური თვითმფრინავების მიერ განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა. ამჯერად კი მამაჩემის მოკვლა განუზრახავთ. ღმერთო, დაიფარე ისინი", _ აღნიშნა აიშა კადაფიმ.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს მსოფლიოს სამი ლიდერი ერთობლივი დეკლარაციით გამოვიდა, რომლითაც კადაფის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს, რომლითაც ლიბიელი მოსახლეობის დასაცავად სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პირობა დადეს. ხელისუფლებაში კადაფის დარჩენას კოალიციის ძალები უაზრობად მიიჩნევენ.