"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები ვარკეთილის დასახლებაში დვალიშვილების ოთხსულიან ოჯახს ეწვივნენ, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ უმწეოთა კატეგორიიდან ამოიღო.
მაგდა ანიკაშვილის ინფორმაციით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობის დასტურად, თავდაპირველად ოჯახს 20 ათასი ქულა მიანიჭეს, 8 თვის წინ კი იმ მოტივით, რომ დვალიშვილები „ზაპოროჟეცის" მარკის ავტომობილს ფლობდნენ, დახმარება შეუწყვიტეს. ოჯახმა წარადგინა ცნობა, რომ 1991 წელს შეძენილი ავტომანქანა 7 წლის წინ ჯართში ჩააბარეს, მაგრამ ამ დრომდე შემწეობის აღდგენა ვერ მოახერხეს.
„ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ ეს უღატაკესი ოჯახია. ოჯახის უფროსს, მალხაზ დვალიშვილს ქვედა კიდურები არა აქვს, მათ ყოველდღიურად სჭირდებათ არსებობისთვის აუცილებელი მედიკამენტები და საკვები. უსახსრობის გამო ბავშვიც გამოიყვანეს სკოლიდან. „ქრისტიან-დემოკრატები" ყველაფერს ვიღონებთ ამ ოჯახის დასახმარებლად და სოციალური მომსახურების სააგენტოს მათთვის არა მხოლოდ დახმარების აღდგენას, არამედ იმ გაცდენილი 8 თვის ანაზღაურებასაც მოვთხოვთ" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.