ბათუმი შესაძლოა ველო-ტაქსების გარეშე დარჩეს. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ირნალდიურ კომპანია "ვოლდ ვაილდ ინფრასტრაქჩა ალიანსი ჯორჯიასა" და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის, ველო-ტაქსების შემოყვანაზე, შეთანხმება ვერ შედგა. აღნიშნულის მიზეზად კი კომპანიის მიერ, ბათუმის ბიუჯეტიდან სუბსიდიის მოთხოვნა სახელდება. კომპანიამ სუბსიდია მას შემდეგ მოითხოვა, რაც თავის ბიზნესრისკებს გადახედა და პროექტის მომგებიანობაში ეჭვი შეიტანა.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტსა და ირლანდიურ ინვესტორს შორის მოლაპარაკებები კვალავაც გრძელდება და სწორედ ამ "ვაჭრობაზე" იქნება დამოკიდებული წლევანდელი საზღვაო სეზონისათვის გამოჩნდება თუ არა ბათუმში ველო-ტაქსები. პროექტის მთლიანი ღირებულება 250 ათას დოლარადაა შეფასებული.
საწყის ეტაპზე ბათუმში დაახლოებით 70 ველო-ტაქსის შემოყვანა იგეგმებოდა, რომლის მოდელი და ფერიც სამომავლოდ უნდა განსაზღვრულიყო.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში ველო-ტაქსით მგაზვრობა სავარაუდოდ ერთი კილომეტრი 1 ლარი ეღირება.
ირლანდიური კომპანიის წარმომადგენლები ბათუმში რამდენიმეჯერ იმყოფებოდნენ და ხელშეკრულების დეტალებს აზუსტებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულომ ველო-ტაქსების პარკირების ტარიფი უკვე განსაზღვრა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, პარკირების ადგილებზე ველო-ტაქსების ერთი თვით დგომის ტარიფი 10 ლარით განისაზღვრა. 6 თვით - 50 ლარი, ხოლო ერთწლიანი პარკირების ტარიფი კი 90 ლარით. პროექტის თანახმად, პარკირებაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მუნიციპალურმა საწარმომ "ბათუმის პარკირებამ" უნდა განახორციელოს.