"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებისგან ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებას ითხოვენ. პარტიის ლიდერის, გიორგი თარგამაძის მტკიცებით, რეზოლუციაში ასახული მთავარი შენიშვნები "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ დაყენებული საკითხების იდენტურია. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას აღნიშნა.
"ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ რეზოლუციაში მწვავედ არის გაკრიტიკებულია საქართველოში მიმდინარე პროცესების სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის საუბარია, სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე, გადავსებული ციხეების და პატიმართა უფლებების უხეშ დარღვევაზე, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, რეზოლუციაში პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალში მოხვდა დევნილების განსახლების დროს როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევის ფაქტები.
"ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასახული მთავარი შენიშვნები იმ საკითხების იდენტურია, რაზეც "ქრისტიან-დემოკრატებმა" მთავრობასთან საპარლამენტო დებატების დროს ვისაუბრეთ და მათ მოსაგვარებლად საკანონმდებლო ინიციატივებიც გვაქვს შეტანილი. როგორც იცით ჩვენი მხრიდან დევნილების გამოსახლების საკითხზე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დავსვით, ასევ ციხეებში პატიმართა არაადამიანურ მოპყრობის შესახებ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება", - აღნიშნა თარგამაძემ და აქვე დასძინა, რომ ევროსაბჭომ საქართველოს რეკომენდაცია მისცა მედიის დაფინანსების წყაროების გამჭირვალობის საკითხი ბოლომდე მიიყვანოს და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს.
ამასთან, უმცირესობის ლიდერის მტკიცებით, დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ქვეყანაში ელიტარული კორუფციის ნიშნებია.
"მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის პროექტში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაბალ დონეებზე კორუფციის აღმოფხვრის მცდელობაზე, აქვე ნათქვამია, რომ ქვეყანაში ელიტარული კორუფციის ნიშნები კვლავ არის", - აცხადებს თარგამაძე.