დღეს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, თსუ-ის V კორპუსში სტუდენტური ინიციატივის ("თარგმნე") პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე იგეგმება კვლევის შედეგების, სილაბუსების კონტენტანალიზის შედეგების გაცნობა და სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული სასწავლო მასალის დეფიციტი ართულებს სწავლის პროცესს. ხშირ შემთხვევაში მასალები არაპროფესიონალურადაა თარგმნილი ლექტორების თუ სტუდენტების მიერ. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოხალისე სტუდენტების ჯგუფმა გამოიჩინა ინიციატივა ჩასწვდომოდა იმ კონკრეტულ დეტალებს, რის გამოც ფაკულტეტზე სასწავლო მასალის ქართულად თარგმნა (წიგნების, რიდერების მომზადება) ფერხდება.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად გაირკვა ის საკითხები, რომელთა განხილვა და ანალიზი თავისთავად უზრუნველყოფს ამ პრობლემის მოგვარებას და სტუდენტთათვის სწავლის პროცესის გამარტივებას. ინიციატივის ავტორები არიან ქეთი მჭედლიშვილი, შოთა თხელიძე, ზვიად ბარქაია, გიორგი მელიქაძე.