საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაკავებული თანამდებობიდან ლადო ვარძელაშვილის გადაყენების თხოვნით მიმართა.
როგორც მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წევრები აცხადებენ, საქმე ეხება 2 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გადაცემულ "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თამაშისას ანტისემიტიზმის გამოვლინებას. მოგვიანებით, 13 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვარძელაშვილი აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიშს იხდიდა.
"მრავალეროვანი საქართველო" მიიჩნევს, რომ მსგავსი ინციდენტი მხოლოდ მობოდიშებით ვერ აღმოიფხვრება.
"ეჭვქვეშ ვაყენებთ ვარძელაშვილის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის მართებულობას. თუმცა ვითვალისწინებთ მის მობოდიშებას და ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ მისი გადადგომის მოთხოვნის აქტიური კამპანიისგან", _ აცხადებენ "მრავალეროვანი საქართველოს" წევრები.
"მრავალეროვანი საქართველოს" წევრები მინისტრს "ქსენოფობიური და ანტისემიტური გამოთქმებისადმი კატეგორიულ შეუწყნარებლობის" შესახებ თავისი სიტყვების გულწრფელობის პრაქტიკულ დამტკიცებას სთავაზობენ.
"მოუთმენლად დაველოდებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წინაშე, მის მუდმივ ანგარიშებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები", _ აცხადებენ "მრავალეროვან საქართველოში".