ხვალ, 15 აპრილს, 11:00 საათზე, მცხეთაში, ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს გაიხსნიან.
მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს ინფორმაციას მიაწვდის როგორც გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ, ასევე მათ სხვადასხვა სახის სერვისსა და საექსკურსიო მომსახურებას შესთავაზებს. ამასთან, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მუდმივად იმუშავებს ინტერნეტკაფე, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ერთიანი ქსელის შექმნაზე, უკვე გაიხსნა სიღნაღის, ყვარლის, მესტიის, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრები, უახლოეს მომავალში ტურისტული ცენტრები გაიხსნება გორში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმში, ზუგდიდსა და ანაკლიაში.