კომპანია, რომელიც საქართველოს ნებართვის გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონდამრღვევად ჩაითვლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აფხაზეთში კომპანიის "Global CST"-ის ხელმძღვანელების ჩასვლის შესახებ კომენტირებისას განუცხადა.
"ჯერჯერობით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. დღეს ისრაელის ელჩმა საქართველოში ხაზგასმით დაადასტურა, რომ არ აპირებს აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას იარაღი მიჰყიდოს და ეს ვიზიტი სახელმწიფოს მხრიდან არ ხორცილდება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
როგორც ცნობილია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში ებრაული თავდაცვითი კომპანია "Global CST"-ის ხელმძღვანელები ჩადიან.
აღსანიშნავია, რომ 13 აპრილს დელეგაცია მოსკოვში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს უკვე შეხვდა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოების სფეროში არაშეტევითი დანიშნულების აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების საკითხი განიხილა.