2011 წლის მეორე ნახევრისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო საბუთი მზად იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტის შექმნის მიზანია, რუსული პასპორტიზაციის ორბიტიდან გამოსვლა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ქვეყნის გარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ, რუსეთის მიერ არალეგიტიმურად გაცემული პასპორტების ნაცვლად, ნებაყოფლობით მიიღონ სამართლებლივი დოკუმენტი", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა და განმარტა, რომ დოკუმენტს არ ექნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა და იგი არ იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი.
ტყეშელაშვილის განცხადებით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან, რადგან მიმღებ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრული ნდობა, უსაფრთხოების თავალსაზრისით და რომ მოქალაქეების რეადმისიაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველო.
სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი შესაძლოა არ იყოს მასობრივი გამოყენების, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ იგი მოქალაქეებისთვის იყოს მიმზიდველი.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დოკუმენტის მფლობელ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მისაღებად მიიღონ დაფინანსება საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან და სხვა პროგრამებიდან.