"სახალხო კრების" მტკიცებით, დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულ ხელისუფლებაზე გამარჯვება გარდაუვალია.
"დღეს, 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება. მაშინ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. ქართველმა ხალხმა ერთად დგომით საბჭოთა იმპერიას უფლება არ მისცა მშობლიური ენა წაერთმია ერისთვის. ქართველმა ხალხმა ეს ერთ მუშტად შეკრულმა შეძლო. დღესაც, როდესაც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ხელისუფლება ნეობოლშევიკური მეთოდებით ებრძვის ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას, ხალხი ერთად დგომით შეძლებს იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის და ქვეყანას ღირსება დაუბრუნოს", - ნათქვამია "სახალხო კრების" განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ ხალხის ერთიანობის ძალას წინ ვერაფერი აღუდგება. იქ სადაც ხალხი, ყველა თაობის წარმომადგენელი, ყველაზე ძლიერი იარაღით, სიმართლით იბრძვის - გამარჯვება გარდაუვალია.
"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ღირსეული მომავლისთვის. ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ რეჟიმს და გავიმარჯვებთ ისე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა", - აღნიშნულია კრების განცხადებაში.