პატრიოტულ ბანაკებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლება დაინერგება. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და შესაბამისი დავალება დღეს გამართულ შეხვედრაზე განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყების ხელმძღვანელს ლადო ვარძელაშვილს მისცა.
"წელს უნდა გავაორმაგოთ პატრიოტულ ბანაკებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ დამსვენებელთა კატეგორია. კონტიგენტის ნახევარი მაინც უნდა იყოს ეთნიკურად სომეხი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი. კარგია, რომ გვყავს ბევრი ეთნიკური ჯფუფი, მაგრამ ბანაკებში უნდა იყვნენ ქართულის მასწავლებლები, რომ დღეში ნახევარი საათი, ერთი საათი მათ ჰქონდეთ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, აუცილებელია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს და ეს მხოლოდ დეკლარირებულ განცხადებად არ დარჩეს.
"ეს არის გადამწვეტი ისტორიული მომენტი ქართული სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაციის და ამ ხალხის ინტეგრაციის. საქართველო ერთნაირად ეკუთვნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს და ეს მხოლოდ დეკლარირება არ უნდა იყოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ისიც განმარტა, რომ პატრიოტთა ბანაკები წელს დამსვენებლებს უკრაინიდან, მოლდოვიდან და ბელორუსიდანაც მიიღებს.