ესპანეთის სასამართლომ ჯორჯ ბუში-უმცროსის დროინდელი აშშ-ის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსნის საქმის განხილვასთან დაკავშირებით უარი თქვა. ექვს ჩინოვნიკს ბრალი გუანტანამოს ბაზაზე მდებარე ამერიკულ ციხეებში წამების თანამონაწილეობაში ედება. ამის შესახებ "ფრანც პრესი" იტყობინება.
ესპანეთის ნაციონალური სასამართლოს მოსამართლე ილო ველასკომ ამ საქმესთან დაკავშირებით წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, გუანტანამოს ბაზა აშშ-ის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია, რომელსაც საკმარისი კომპეტენცია აქვს, რომ იქ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული გამოიძიოს.
ამასთან, ესპანეთის სასამართლოს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, გუანტანამოსთან დაკავშირებულ საქმეებში ჩაერიოს.
ბუშის ადმინისტრაციის ექვსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყება ორი სამართალდამცავი ორგანიზაციის დაჟინებული თხოვნა იყო.
მათ შორის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც სამართალდაცავები მოითხოვდნენ, აშშ-ის ყოფილი პროკურორი ალბერტო გონსალესი, თავდაცვის მინისტროს მოადგილე დუგლას ფაიტი, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის აპარატის მეთაური დევიდ ადინგტონიც არიან.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაციონალურ სასამართლოს საზღვარგარეთ ჩადენილი ცალკეულ დანაშაულთა განხილვა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ხელეწიფება. კერძოდ, თუკი ამ საქმეებში ესპანეთის მოქალაქეები ფიგურირებენ ან მომხდარ ფაქტს პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოსთან რამენაირი შეხება აქვს.
ამასთან, ესპანეთის სასამართლოს იმ საქმეებში ჩარევა ეკრძალება, როცა დანაშაული უკვე განხილულია იმ ქვეყნის მიერ, სადაც იგი იქნა ჩადენილი.