"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლის, თეიმურაზ მურღულიას მტკიცებით, ევრობონდების ახალი ემისიით ხელისუფლებამ არსებული საგარეო ვალის დაფარვის ვალდებულებები მომავალ თაობებს გადაულოცა.
"ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციით დაეწყო ვალების თანდათანობითი გასტუმრება, გაზარდა ბიუჯეტის ხარჯები და ცდილობს ფინანსური ვალდებულებები მომავალ თაობებს გადაულოცოს. ამასთან, ხელისუფლება წარმატებად ასაღებს იმ ფაქტს, რომ ევროობლიგაციების მომსახურებისათვის ბიუჯეტიდან კიდევ 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დამატებით 34,5 მლნ დოლარის, ანუ სულ 345 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს. ნუ მივცემთ ხელისუფლებას ჩვენი კიდევ ერთხელ მოტყუების საშუალებას. ახალი ვალებით ძველის გასტუმრება რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება, სპეციალური ფინანსური განათლების გარეშეც ადვილი მისახვედრია. ხელისუფლება მთელ მოსახლეობას ერთ დიდ ფინანსურ პირამიდას გვეთამაშება და არცთუ ისე შორეული წარსულის გაკვეთილებმა ნათლად დაგვანახა, რომ ამ სქემით მხოლოდ მისი ორგანიზატორები ითბობენ ხელს, ხოლო მონაწილეები ყოველთვის წაგებულები რჩებიან", - განაცხადა მურღულიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ოპტიმიზაციის გზით საგარეო და საშინაო ვალების მომსახურებასა და გასტუმრებაზე ფიქრობდეს, საკუთარი რეჟიმის გასახანგრძლივებლად მზად არის კიდევ უფრო დიდი ვალი აიღოს, რომელიც "ჩვენი შვილების გასასტუმრებელი იქნება".
"დემოკრატიული მოძრაობა" გმობს ხელისუფლების ფინანსურ პოლიტიკას, რომელიც მომავალი თაობის ხარჯზე დღეს სრულიად უაზრო, ხშირად მხოლოდ ფიარ ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს საქართველოს მთავრობამ ახალი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა.