"ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართა აქცია - "ენა დღესაც დასაცავია!"
ახალგაზრდა მემარჯვენეებმა ქვეყანაში ენის სიწმინდის დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება გააპროტესტეს. მათი თქმით, თვით ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ საქართველოს ელექტრონულ რუკაზე მთელი რიგი დასახლებული პუნქტების დასახელებები რუსული ან რომელიმე სხვა უცხოური ენის კალკით არის დატანილი.
"ქართულმა ენამ ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში არაერთ ენობრივ ექსპანსიას გაუძლო და ახლა, როცა ქვეყანა დამოუკიდებელია, მისი სიწმინდის პრობლემა ისევ მწვავედ დგას. პარლამენტის - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთვსებულ საქართველოს რუკაზე მიუტევებელი შეცდომებია, რომელიც სხვა უცხოური ენის კალკით არის დატანილი. მაგალითად, სოფელი წესი - ცესია, ღალიძგა - გალიძგა, ოქუმი - ოკუმი, ჯგალი - ჟგალი და ისეთი მშვენიერი სახელი, როგორიც კარალეთია და რომელსაც გალაკტიონმა შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა, ყარალეთად არის მოხსენიებული. მოვითხოვთ, ინსტიტუციურ დონეზე იქნას გარანტირებული ქართული ენის დაცვა. ეს უნდა იყოს სათანადო უფლებებით აღჭურვილი, მცირებიუჯეტიანი ეფექტური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ენის დაცვას," - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ფაცაციამ.