მიმართვის შინაარსი, რომელშიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის მთელი რიგი ინიციატივაა თავმოყრილი, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ გაახმოვანა.
"საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომელსაც დაბეჯითებით მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ერთპარტიული რეჟიმისაგან მიტაცებილი ხალხის ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს კვლავ ხალხს, დღეს სპეციალური განცხადებით მიმართავს ნატოს ბერლინის მინისტერიალს და მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას და აღნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება არშეიცვლება, თუ არ დაკანონდა რამდენიმე პრინციპი", - განაცხადა კირთაძემ და აქვე ის პრინციპები განმარტა, რომელიც, მისი აზრით, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლადაა აუცილებელი.
"1. არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. 2. გაუქმდეს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა, რომელიც წარმოადგენს წყაროს ელიტარული კორუფციისა და იქმნება ერთადერთი ნიშნით, ხელისუფლებისადმი პოლიტიკური ერთგულების ნიშნით და პარლამენტში ხელოვნურად ქმნის ხელისუფლების მხარდამჭერ კონსტიტუციურ უმრავლესობას. 3. საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიების პარიტეტულ პრინციპზე. 4. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს საარჩევნო ყუთების გახსნა და ხმების ხელახალი გადათვლა. 5. აღდგეს 50%-იანი ბარიერი. 6. საარჩევნო დავების აპელაცია განიხილოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებულმასპეციალურმა სააპელაციო კომისიამ.7. პარტიიდან არჩეულმა დეპუტატმა უნდა დატოვოს დეპუტატის მანდატე თუკი იგი არჩევნების შემდეგ შეიცვლის პოლიტიკურ პარტიას", - აღნიშნა ნესტან კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში დღეს ნატოს მინისტერიალი გაიხსნა, რომელშიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის გამართვაც.