ხვალ, 15 აპრილს, 14:30 საათზე, სასტუმრო "Courtyard Marriott" - ში, აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის პრეზენტაციას გამართავს თემაზე ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო: წარსული და არსებული მდგომარეობა".
პრეზენტაციაზე გიორგი ბარამია ყურადღებას გაამახვილებს აფხაზეთის ისტორიულ წარსულზე, ამ რეგიონის ოკუპაციასა და იქ არსებულ სიტუაციაზე,
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთში ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ რთულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, რეგიონის მილიტარიზაციზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კრიმინოგენულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრებს.
გიორგი ბარამია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს აფხაზეთში არსებულ რთულ ეკოლოგიურ პროცესებს გააცნობს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან ინერტული მასალებისა და უნიკალური ჯიშის ხე-ტყის უკანონო გატანით არის გამოწვეული.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ყურადღებას გაამახვილებს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - ჯანდაცვა, განათლება და სახალხო დიპლომატია.
პრეზენტაციის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას უკეთ გააცნოს ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარება, ხელი შეუწყოს ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შემუშავებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და საქართველოს საბოლოო დეოკუპაციისათვის.
ღონისძიების პარალელურად, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტის" ფოიეში აფხაზეთის ომამდელი და ომის შემდგომი პერიოდის ამსახველი მინი ფოტო-გამოფენა და ვიდეო ინსტალანცია მოეწყობა.
პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.