აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ - ნიკა მელიამ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა - ჯაბა ებანოიძემ.
გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის მაისიდან აღსრულების ეროვნული ბიურო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელებს აღნიშნული აქტით გათვალისწინებულ გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურებს. 2010 წლის დეკემბრამდე აღნიშნულ ფუნქციას შემოსავლების სამსახურის იძულებით ღონისძიებათა სამმართველო ასრულებდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის - ნიკა მელიას თქმით, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს დამატებითი ფუნქცია და, შესაბამისად, ახალი თანამშრომლები შეემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფუნქციური თვალსაზრისით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოქალაქეების დასაქმების კუთხით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებში ახალი, საგადასახადო საქმეთა ოფიცრის თანამდებობა შეიქმნება. აღნიშნულ თანამდებობებზე დასასაქმებლად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კონკურსის წესით საქართველოს მასშტაბით 51 ადამიანი უკვე შეარჩია.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრები ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთანავე დაიწყებენ.