"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში ჩავიდნენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს გიორგი ახვლედიანი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია შეხვდნენ. „ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, 500 კომლიან სოფელში ყველაზე მძიმე პრობლემა სარწყავი წყლის არარსებობაა.
„ცხინვალიდან არხის ჩაკეტვის შემდეგ, უკვე სამი წელია, მოსახლეობა ვერ იღებს სარწყავ წყალს, რის გამოც ვერ მოყავს მოსავალი. ქვემო ხვითის შემშილისგან ხსნისთვის საჭიროა მდინარე ლიახვიდან კილომეტრნახევარი მილის გაყვანა და სარწყავ არხებთან მიერთება. ეს სულაც არ არის ძვირი ხარჯი, მაგრამ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ხელისუფლებას სულ სხვა, არაადეკვატური პრიორიტეტები აქვს" - აცხადებს ინგა გრიგოლია.
„ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, კატასტროფულ მდგომარეობაშია სოფელთან მისასვლელი ცენტრალური და შიდა გზები, გაურკვეველი მიზეზების გამო მოსახლეობის ნახევარს არ მიუღია არც ელექტროენერგიის და არც სურსათის ვაუჩერები.
„ჩვენ დავპირდით ქვემო ხვითელებს, რომ მათ პრობლემებზე საპარლამენტო ტრიბუნიდან ვისაუბრებთ. თუ ხელისუფლება კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფელს კვლავ უყურადღებოდ დატოვებს, ალბათ გაგრძელდება მშვიდობიანი, მცოცავი ანექსია და ქართულ მიწებს თანამედროვე ჯაყოები დაეპატრონებიან" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.