დღეს, 14 აპრილს „დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა, მანანა სალუქვაძემ პარტიის მთავარ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
„სააკაშვილი რომ მუდმივად ატყუებს, როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში, ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან, თავის ყოველწლიურ მიმართვაში მორიგი ტყული ამაყად გააჟღერა და განაცხადა, რომ „Financial Times"-მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი მათიას ჰუტერი აცხადებს, ამ გამოცემას პრეზიდენტის მიერ ნახსენები სტატია არასოდეს დაუბეჭდავს, თუმცა 2011 წლის 28 იანვარს „Financial Times"-მა თავისი გამოცემის მე-7 გვერდი მთლიანად დაუთმო რეკლამას, რომელიც აცხადებს - "საქართველო - მსოფლიო ნომერი 1 კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით". რეკლამის ფასი, „Financial Times"-ის ფასების პრეისკურანტის თანახმად, სავარაუდოდ 99,600 ფუნტი სტერლინგია, რაც მიახლოებით 282,000 ლარია. რეკლამა გამოვიდა „Financial Times"-ის ევროპულ და ბრიტანულ გამოცემებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა რეკლამაში 135,500 ფუნტი სტერლინგი, ანუ 387,000 ლარი გადაიხადა.
იგივე რეკლამა ხელისუფლების დაკვეთით დაიბეჭდა 28 იანვარს, „Wall street journal"-ის მე-7 გვერდზე, სადაც რეკლამის მთელს გვერდზე განთავსება 345,662 ამერიკული დოლარი (614,000 ლარი) ჯდება და ასევე "Economist"-ში, სადაც რეკლამა 90,900 ფუნტი სტერლინგი ანუ 260,000 ლარი ღირს.
ტყუილი, რომ მსოფლიო პრესა აჭრელებულია სტატიებით საქართველოს წარმატებული პოლიტიკის შესახებ ჩვენს მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა.
სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, რომელიც სიღატაკეში აცხოვრებს ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს მილიონებს ხარჯავს საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად შეკვეთილ რეკლამებში, ლობირებასა და ფიარში.
მივმართავთ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას, მოსახლეობას გასცენ პასუხი ბიუჯეტის რომელ კონკრეტულ მუხლშია გაწერილი აღნიშნული ხარჯები!
სააკაშვილის რეჟიმი, რომლის იარაღიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის ტყუილი, ფული, ტერორი და უსამართლობა დანგრევისთვისაა განწირული და მას ვეღარანაირი რეკლამირება ვეღარ გაახანგრძლივებს. შეუძლებელია განუსაზღვრელი დროით ატყუო ყველა.
ხალხს მოთმინების ფიალა აევსო. ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა" და „სახალხო კრება" ხალხთან ერთად საკუთარი ღირსების დასაბრუნებლად ერთადერთი და ყველაზე ძლიერი იარაღით - სიმართლით ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ბრიფინგზე მანანა სალუქვაძემ.