დღეს, 14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
10:00 საათზე თსუ-ის მეხუთე კორპუსის ფოიეში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტთა გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია ქართული ენის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს. გამოფენის პარალელურად ლიტერატურული კონკურსის "ჩვენი ენა ქართულისა" და ქართული ენის ინსტიტუტის ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება შედგება.
10:30 საათიდან ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორები მიიღებენ.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობის 2010 წლის პროდუქციის პრეზენტაცია დაასრულებს. 14:00 საათზე ინსტიტუტის წარმომადგენლები აკადემიური წიგნის მოყვარულთ გამოფენა-გაყიდვაზე ეპატიჟებიან (კოსტავას ქ. 5, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, სხდომათა დარბაზი).