დღეს, 14 აპრილს, 15:00 საათზე, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს ექსპოზიციას სახელწოდებით "ჩემი დედა ენა". ექსკლუზიურად აჭარის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის ბათუმში პირველად გამოიფინება ცენტრში დაცული ექსპონატები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და "თიბისი ბანკი".
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შეეძლება იხილოს იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, "დედა ენის" სტამბური კლიშეები, ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერები აკაკი წერეთლისა და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის პირადი არქივებიდან, პირველნაბეჭდი "დედა ენა", აფხაზური "დედა ენა" და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სხვა უნიკალური მასალა.
ექსპოზიციის მიზანია საზოგადოებისთვის იაკობ გოგებაშვილის პიროვნების სხვადასხვა კუთხით წარმოჩენა და ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზება.
ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს კომპიუტერული სასწავლო-შემოქმედებითი პროგრამის "ჩემი შექმნილი წიგნი" პრეზენტაციას. პროგრამის მიზანია მოსწავლეების წიგნთან ურთიერთობის კულტურის განვითარება, იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზება და წიგნის შექმნის ხელოვნებასთან ზიარება. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ნეტბუქებში გააფერადონ "რწყილი და ჭიანჭველა", მოაწესრიგონ ტექსტი და დაასათაურონ თითოეული სიუჟეტი.
ღონისძიების ფარგლებში გამოიცემა სასაჩუქრე ალბომი, რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილ მასალებს ასახავს.
ექსპოზიცია 17 აპრილამდე გაგრძელდება.