საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთს ურჩევს "საკუთარ ლიბიას" მიხედოს, რომელიც ჩრდილო კავკასიაში შექმნეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
დეპუტატმა კოსაჩოვს ურჩია, თავისი სიტყვა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შეათანხმოს, რომელმაც ლიბიაში დასავლეთის ჩართვას "ჯვაროსნული ომად" აფასებს.
"ისინი ერთი გუნდის და ერთი სპეცსამსახურების წევრები არიან და ამიტომ უკეთესი იქნება, ერთმანეთთან შეთანხმებულად ისაუბრონ. ერთი ლანძღავს დასავლეთს ლიბიაში მოქმედების გამო და მეორე კიდევ ლაპარაკობს, რომ ეს კარგია. რაც შეეხება ლიბიას, რაც იქ ხდება, იმავეს აკეთებს რუსეთი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიაში: დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ყაბარდოში, ბალყაროში და ა.შ. ანუ ყველა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში", - აღნიშნა მალაშხიმა.
დეპუტატმა რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ეთნოწმენდა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული, ანალოგიური პოზიცია აქვს ევროკავშირს, ეუთოს, გაეროს ასამბლეას და ნატოს.
"ამიტომ კოსაჩოვის განცხადებას საქართველოსთან მიმართებაში სამართლებრივი ბაზა არა აქვს და ეს უფრო მისი ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას შეეხება", - განაცხადა მალაშხიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს არასწორ კვალიფიკაციის მინიჭებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი მოხსენიება რუსეთ-საქართველოს ომის სახელით არასწორია.
"მაშინ სააკაშვილი შეეცადა იგივე გაეკეთებინა საკუთარი ხალხისთვის, რასაც ახლა კადაფი ახორციელებს ლიბიაში. რუსეთმა მაშინ ისეთი რეაგირება მოახდინა ამაზე, როგორიც მსოფლიო საზოგადოებამ ლიბიაში მიმდინარე მოვლენებზე", - განაცხადა კოსაჩოვმა.