ბრიტანეთის პრინც უილიამისა და მისი რჩეულის, ქეით მიდლტონის ქორწილისთვის ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი სიმღერას ჩაწერს. ამის შესახებ მომღერალმა Twitter_ის საშუალებით განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ ჯორჯ მაიკლმა Twitter_ის მკითხველებს იმ რომანტიკული სიმღერის ვარიანტის მიწოდების თხოვნით მიმართა, რომლებიც სხვა მომღერლებმა გასულ წლებში ჩაწერეს. მაიკლმა აღნიშნა, რომ პრინც უილიამისა და მისი რჩეულის სიყვარულთან მისადაგებული ძველი კომპოზიციის მიხედვით, იგი ახალ ვერსიას შესთავაზებდა მსმენელს.
11 აპრილს მომღერალმა საზოგადოებას აუწყა, რომ ერთ სიმღერაზე უკვე შეაჩერა ყურადღება და მის ჩაწერას 12 აპრილს შეუდგებოდა. თუმცა მაიკლს არ დაუკონკრეტებია შერჩეული სიმღერის სათაური. ერთი კი აღნიშნა, რომ სიმღერის სათაური იწყება სიტყვით "You", მისი ორიგინალი 1970-იან წლებში რომელიღაც "გენიოსებმა" ჩაწერეს.
საქორწილო საჩუქარზე მუშაობას ჯორჯ მაიკლი 14 აპრილს დაასრულებს.
შეგახსენებთ, უფრო ადრე სამეფო წყვილს საკუთარი კომპოზიცია ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა მიუძღვნა. მისი ტრეკის სახელწოდებაა "Wet". სიმღერა სნუპ დოგის ახალ ალბომშიც შევიდა.