სეპარატისტული აფხაზეთი საქართველოსთან საზღვრის სასაზღვრო ზოლის კეთილმოწყობასა და გალის რაიონში არსებულ სიტუაციაზე განსაკურთებულ დაკვირვებას იწყებს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვრის მოწყობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან. სასაზღვრო ზოლის კეთილმოწყობას ვიწყებთ, რომლის სიგანე 25 მეტრია. ყველაფერი მწყობრშია მოყვანილი იმისათვის, რათა ჯეროვანი კონტროლი განხორციელდეს საქართველოსთან საზღვარზე", _ განაცხადა ბაღაფშმა და აღნიშნა, რომ გალის რაიონში ეწყობიან რუსი მესაზღვრეები და აშენებენ აფხაზურ სპეცდანაყოფებს.
მისი თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 28 წლით თავისუფლებააღკვეთილი ფორმირება "ტყის ძმების" ლიდერის ვადაზე ადრე გათავიუფლება მისთვის სპეციალური დავალებების მიცემითაა განპირობებული.
"მისი განთავისუფლების დროიდან დაიწყო კიდეც პროვოკაციები გალის რაიონში. იქ ამჟამად ორ სპეცდანიშნულების ბაზას ვქმნით, რომლებიც სიტუაციას გააკონტროლებს", _ აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს, რომ გალში არსებული სიტუაცია კონტროლზე უნდა იქნეს აყვანილი, რაც უახლოეს დროში გაკეთდება კიდეც.
"არსად მსოფლიოში არ არის ამგვარი საზღვარი. კონტრაბანდა და ადამიანების გადაადგილება რთული პროცესია, მაგრამ საზღვარზე კონტროლი უნდა დავამყაროთ და ამ საკითხზე პასუხისგება არც არავისთვის არ გადამიბარებია და ყველაფერს პირადად ვაკონტროლებ", _ აცხადებს ბაღაფში.