გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნის განცხადებით, ლიბიაში ჰუმანიტარული დახმარება 3.6 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ყატარში განაცხადა. ყატარის დედაქალაქ დოჰაში ლიბიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია დღეს დაიწყება, სადაც ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე იმსჯელებენ. შეიქმნება წინასწარი საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც ევროკავშირის, არაბთა ლიგის, ნატოსა და აფრიკული კავშირის წარმომადგენლებიც შევლენ. ჯგუფთან შეხვედრას ლიბიის ოპოზიციონერი ლიდერებიც გამართავენ.
ლიბიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც არეულობების დაწყების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა და ბრიტანეთს შეაფარა თავი, ჯგუფისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ლიბიის გარდამავალი საბჭოს ერთ-ერთ ლიდერ აბდელ ჰაზიფ გჰოგას განცხადებით, მუსა კუსასთან მათი შეხვედრა დღის წესრიგში არ დგას.
ლიბიის ქალაქ მისრატაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ძლიერი შეტაკებები გრძელდება. გუშინ მომხდარ ბრძოლებს 10 ადამიანი ესმხვერპლა და 30 დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მუამარ კადაფის სტრატეგიულ ობიექტების დაბომბვა კოალიციის ქვეყნებმა განახორციელეს. სრული პასუხისმგებლობა შემდეგ ნატო-მ აიღო. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ნატოს უფრო ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების განცხადებით, ნატო ლიბიაში საკმარისს არ აკეთებს და მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის ქვეშ რჩებიან.