რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი საქართველოსგან ბოდიშის მოხდას ელოდება. ევროსაბჭოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ქართველ კოლეგებს ორგანიზაციის წესდების დარღვევაში ადანაშაულებს.
"საქართველომ დაარღვია ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები, როცა შარშან, სექტემბერში, აქ მოიწვია ადამიანის უფლებების დაცვის იურდიული კომისია და მე, როგორც ამ კომისიის წევრს, უარი მითხრა მასში მონაწილეობაზე. ამის გამო საქართველოსგან ბოდიშის მოხდას ველოდები", - განაცხადა მარკოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას.
მან ორგანიზაციის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებული ახალი რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ქვეყანაში არსებული ვითარების ადეკვატური ასახვა არ მომხდარა.
"ამ მოხსენებაში მოყვანილი ფრაზები აბსურდულად მეჩვენება. საინტერესოა, ვისზე ან რაზე წერდნენ? არაფერზე? - არაფერია ნათქვამი პოლიტპატიმრებზე - მალხაზ გულაშვილი იძულებული გახდა ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაქცეულიყო, რათა ციხისთვის დაეღწია თავი", - აღნიშნა მარკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს. რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი გუშინ მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს. დოკუმენტში საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესია შეფასებული. ამასთან, ორგანიზაცია ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გამოვლენილი დარღვევევის გამო რიგ რეკომენდაციასაც აძლევს.
"არის ზოგიერთი ნაწილი, რომელსაც შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ. რეზოლუციაში ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩადებული, თუმცა მთლიანობაში, დოკუმენტი მისაღებია, რადგან მასში აღნიშნულია, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა დემოკრატიულობის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ეს მასში ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული", - განუცხადა ჟურნალისტებს ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ახალ პროექტში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია კვლავ "ოკუპაციადაა" აღიარებული და შესაბამისი ტერმინი დოკუმენტში რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც მოითხოვდა, რომ "ოკუპაცია" სიტყვა "კონფლიქტით" შეცვლილიყო, მაინც დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეზოლუციის მიღებამდე ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლის კასტრიო ისლამის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხზე იმსჯელეს.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 11 აპრილს გაიხსნა და 15 აპრილს დაიხურება.