ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საკუთარი ნებით გადადგება პოსტიდან, თუკი მეამბოხეები მის სამ პირობას შეასრულებენ. ამის შესახებ არაბული გაზეთი "ალ-შარკ ალ-აუსატი" ბენგაზზე დაყრდნობით იტყობინება.
გაზეთის ინფორმაციით, მეამბოხეების მეთაურებმა ლიბიის ხელმძღვანელობისგან შესაბამისი სიგნალი მიიღეს, კერძიდ, კადაფის პირველი მთავარი მოთხოვნა საკუთარი ვაჟის სეიფ ალ-ისლამისთვის განსაზღვრული დროით უფლებამოსილების გადაცემაა. სეიფის უფლებამოსილება მანამდე გასტანს, სანამ ქვეყნის ახალ ლიდერს არ აირჩევენ.
თავად მუამარ კადაფი "თავისი წინაპრების ქვეყნის" დატოვებას არ აპირებს და სამომავლოდ, ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში "სიმბოლურ პოსტს" დაიკავებს.
"იტარ-ტასის" ინფორმაციით, მუამარ კადაფის ეს სამი პირობა ოპოზიციის ლიდერთათვის მისაღებია, რადგან მათი მომხრეების მდგომარეობა ფრონტის ხაზზე არცთუ ისე კარგია.
"ჩვენ გვჭირდება იარაღი, მებრძოლები და ფული",_აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, თუკი კრიზისიდან გამოყვანის პოლიტიკური და მშვიდობიანი გამოსავალი იარსებებს, მას შეიძლება დათანხმდნენ კიდეც.
"თუ კადაფი ხელისუფლებას ჩამოცილდება, ხოლო ლიბია თანამედროვე დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო გახდება, რიღასთვის ვიბრძოლოთ?"_კითხულობს ამბოხებილთა ლიდერი.
"სეიფ ალ-ისლამთან მოლაპარაკება კი გაცილებით იოლია, ვიდრე თავად მუამარ კადაფისთან",_ამტკიცებს გაზეთი.
გამოცემას მოჰყავს ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, თვით მუამარ კადაფი კრიზისიდან გამოსვლის პოლიტიკურ საშუალებას ეძებს.
თავად კონსტიტუციის პროექტი, რომლის თანახმადაც, ლიბიაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, უკვე მზადაა. უახლოეს ხანში ამ პროექტს საზოგადოების სამსჯავროდ წარადგენენ.