შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭება) უფლება შემოსავლების სამსახურსაც მიეცემა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, კანონის 6 პუნქტის რამდენიმე პუნქტი ემატება, რომლის თანახმადა, სააგენტოს მიერ, შიდა ტრანზიტი (გარდა გრძელვადიანი შიდა ტრანზიტისა) გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა;
კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა - შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანზიტო სანომრე ნიშნისა და შიდა ტრანზიტის გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
ასევე, შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში, შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა; გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ან დათვალიერება ხორციელდება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.