როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ჩიხში შეიყვანოს და მოლაპარაკებები გაწელოს, რომ მომავლი არჩევნები კვლავ ძველი კოდექსით ჩაატაროს.
"ხელისუფლება ცდილობს ცრუ მოლოდინი გაუჩინოს, როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებს ვითომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ოპოზიციამ კი უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ საარჩევნო კოდექსის მუშაობა რეალურად გაგრძელდეს. ეს კი შესაძლებელი იქნება თუ ოპოზიცია ერთიან პროექტზე შეჯერდება", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო პირობების შექმნა, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო რეფორმის ოთხ საბაზისო მიმართულებას.
ეს მიმართულებებია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, კერძოდ კი აუცილებელია მმართველი პარტია მკაფიოდ გაიმიჯნოს სახელმწიფოსგან, რათა ოპოზიციას გვიწევდეს კონკურენცია მმართველ პარტიასთან და არა სახელმწიფოსთან. ამ მიზნით, კანონმდებლობით უნდა იქნეს აკრძალული ყველა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციისა და საწარმოს (სამინისტროების, სამხარეო ადმინისტრაციების, გამგეობების და სხვა სახელმწიფო უწყებების) თანამშრომლების, რაიმე სახით მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, ასევე ყველა საარჩევნო სუბიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი, დაბალანსებული საინფორმაციო ველით, კანონმდებლობით უნდა დაწესდეს, არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის სარეკლამო კლიპების წუთობრივი ლიმიტი და მისი 50% უფასოდ გამოეყოს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ პარტიებს.
ამასთან, ბაღათურიას მიაჩნია, რომ აუცილებელია პარტიებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედა ზღვარი დაუწესდეთ და ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარი წარმომადგენლობა ჰყავდეს ყველა დონის, ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში.
ასევე ბაღათურია მოითხოვს საარჩევნო კომისია ორი ნაწილისგან შედგებოდეს, კერძოდ კი ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაპარტიული პირებისგან დაკომპლექტდეს, რომლებსაც ოქმის დამტკიცების უფლება ექნებათ, ასევე დაინიშნონ პარტიის წარმომადგენლები დამკვირვებლად, რომლებზეც კომისიის წევრების უფლებების ნაწილის დელეგირება მოხდება.