საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველო მუდმივად ახალგაზრდა დემოკრატი ქვეყანა ვერ იქნება.
"საქართველო სულ ცოტა ხანში კვლავ გზაჯვარედინზე აღმოჩნდება. ჩვენი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ახალგაზრდა დემოკრატიათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა მუდმივად ახალგაზრდა ვერ იქნება. მან პოლარიზაცია და კონფრონტაციული ატმოსფერო წარსულს უნდა ჩააბაროს, რაც სამწუხაროდ წლების განმავლობაში პოლიტიკურ ლანდშაფტში დომინირებს. ქვეყანაში უფრო მრავალფეროვანი და კონსტრუქციული პოლიტიკური გარემო უნდა შეიქმნას, სადაც მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის, თამაშის წესები შეთანხმებული იქნება. ეს ყოველივე კი გამოცდა იქნება, საქართველოში უფრო ინკლუზიური და ძლიერი დემოკრატიული სისტემის შესაქმნელად", - განაცხადა თარგამაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, დემოკრატიის მოწიფულობის მთავარი ელემენტი არის ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმირება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, რომელიც შესაძლებობას მისცემს ყველა პოლიტიკურად დაინტერესებულ სუბიექტს, მმართველი პარტიის ჩათვლით, რომ გახდეს სამართლიანი შეჯიბრის მონაწილე, მომავალი ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად.
"იმისთვის რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ევროკავშირის სტანდარტებით თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საარჩევნო საკითხენზე კონსესუსის მისაღწევად, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დიალოგი შედგეს მმართველ პარტიასა და რვა ოპოზიციურ პარტიას შორის. სამწუხაროდ, უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ დიალოგის ფორმატი კოლაფსშია, რადგან მმართველ გუნდს არ სურს კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის მიზეზი რატომაც ღიად მოვუწოდებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ზეწოლა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებაზე წინასაარჩევნო დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის. ეს კი საბოლოოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი იქნება, რომელიც პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას მოიპოვებს", - განმარტა თარგამაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმცირეობის ლიდერის თქმით, მას სურს დამთავრდეს რევოლუცია საქართველოში და დაიწყოს ევოლუცია.
"ცხადია, რომ წლების განმავლობაში საქართველო იტანჯებოდა სუსტი მთავრობის გამო. ამჟამად მთავრობა და პოლიცია ისეთი ძლიერი და ეფექტურია, როგორც არასდროს. ძლიერი და ეფექტური მთავრობა და სამართალდამცავები, დემოკრატიისა და პლურალიზმის გარეშე, ქვეყანაში ემსგავსება კულტურისტს, რომლის მხოლოდ ერთი ხელის კუნთები მუშაობს, რაც შეცდომაა და დეფექტის ნიშანია. სანახევროდ გატარებული რეფორმების დრო აღარ არის. ჩვენ ძალიან მალე უნდა დავასრულოთ წინა საარჩევნო მოლაპარაკებები და შევთანხმდეთ საკვანძო საკითხებზე, რათა დაგვრჩეს დრო ამ საკითხების განხორციელებისთვის. თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს მისაღწევად ჩვენ უნდა ჩავატაროთ სასამართლო რეფორმა, რომელმაც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიტანოს განაჩენი ნებისმიერი მთავრობის წინაღმდეგ. ჩვენ არამხოლოდ მედია მფლობელები უნდა გავხადოთ გამჭვირვალე, არამედ მედიის დაფინანსების წყაროებიც, რათა შეიქმნას თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო. ჩვენ გვჭირდება ანტიმონოპოლიური სამსახური არამხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაშიც, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენ გვჭირდება სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ 4 ევროს ღირებულების ქვაბის მოპარვისთვის ადამიანი ციხეში არ მოხვდება", - აღნიშნა თარგამაძემ სიტყვით გამოსვლისას.