"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებისგან ქართულ ბაზარზე შემოტანილი წამლის ხარისხის გაკონტროლების გამკაცრებას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა.
"ქრისტიან-დემოკრატები მივიჩნევთ, რომ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოქალაქეების ხარისხიანი მედიკამენტებით მომარაგებაა. ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წამლის ხარისხი წარმოადგენს. ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის სათანადო კონტროლს. სახელმწიფო რეგულაცია იმდენად სუსტია, რომ იქმნება დიდი საფრთხე ფარმაცევტულ ბაზარზე ფალსიფიცირებული მედიკამენტების შემოსვლის", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიზნით ფრაქციამ საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც კანონში "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
"მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს კანონის მეთერთმეტე მუხლი წარმოადგენს, რომლის არსებული რედაქცია, პირდაპირ უწყობს ხელს ბაზარზე ფალსიფიცირებული მედიკამენტების მოხვედრას. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წამლის იმპორტის დროს შეფუთვა-მარკირების შეცვლის შემთხვევაში თუ რეგულირების სააგენტო ხუთი სამუშაო დღის ვადაში იმპორტიორს ოფიციალურად არ შეატყობინებს უარს მედიკამენტი ბაზარზე ავტომატურად დაიშვება", - განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ამასთან, ანიკაშვილის მოსაზრებით, ხუთი სამუშაო დღე არის დაუშვებლად მცირე ვადა ყველა საჭირო დოკუმენტაციის გადასამოწმებლად. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ ბაზარზე მოხვდება ავტომატური რეგისტრირება შეცვლილი შეფუთვის მქონე მედიკამენტისა ძალიან დიდია.
"ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ გაუქმდეს მედიკამენტების ავტომატური დაშვება ბაზარზე და სააგენტოს მიეცეს დოკუმენტაციის შესწავლის ვადა ერთი თვის განმავლობაში", - აღნიშნა ანიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების შესახებ კანონპროექტს უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ.