აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კოტ-დივუარის არჩეული პრეზიდენტის ალასანა უატარის ძალისხმევას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ოაბამამ პრეზიდენტთან საუბრისას პირადად განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამამ დაურეკა ალასანა უატარს და მას, როგორც დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, მიულოცა. ამერიკის ადმინისტრაციის მეთაურმა ქვეყნის გაერთიანების, შეიარაღებულ ძალებში რეფორმების გატარების საქმეში ალასანა უატარის მცდელობა დადებითად შეაფასა.
ამასთან, ორი ქვეყნის პრზოდენტმა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზეც ისაუბრეს, რაც კოტ-დივუარის კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მასობრივ რეპრესიებში ბრალდებულებმა და დამნაშავეებმა საკუთარი ქმედების გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს დანაშაული კი გაერომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა გამოიძიოს.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, კოტ-დივუარში პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. 2010 წლის არჩევნებში გამარჯვებული ალასანა უატარის ძალაუფლებას ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო არ ცნობდა. მეტიც, გბაგბო უატარს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და გამარჯვებულად საკუთარ თავს მიიჩნევდა.
გბაგბოს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ალასანა უატარს მხარდაჭერას გაეროს მშვიდობისმყოფელები და საფრანგეთი უცხადებდა, რომელსაც კოტ-დივუარში სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს.