რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას მეორე ვადითაც ჩაუდგეს სათავეში.
"მე არ გამოვრიცხავ, რომ კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში ახალი ვადით. უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა საკმაოდ ახლო პერსპექტივაში იქნას მიღებული", - განაცხადა მედვედევმა ჩინური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან მის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მომავლის ერთნაირი ხედვა აქვთ - ორივენი რუსეთის აყვავების მოსურნეები არიან.
"ქვეყანაში არ არის არც ერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელსაც "არ სურს ჩვენი საყვარელი ქვეყნის აყვავება. ჩვენ უბრალოდ შესაძლოა სხვადასხვაგვარად ვხედავთ მეთოდებსა და გზებს ამ აყვავების მისაღწევად, მაგრამ სწორედ ეს არის დემოკრატია და კონკურენცია", - განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მას და პუტინს სხვადასხვა როლები აქვთ და ეს გარკვეულწილად აისახება მათ ურთიერთობაზე. მედვედევმა საკუთარი დამოკიდებულება პუტინთან დაახასიათა, როგორც თბილი და მეგობრული.
"მე პუტინს ვიცნობ, პრაქტიკულად, ჩემი ნახევარი ცხოვრება და ეს ცოტა არ არის", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მედვედევის ეს განცხადება რუსეთში შეფასდა, როგორც პრეზიდენტის მიერ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაკეთებული განაცხადი. "ედინაია რასიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ქვეყნის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ოლეგ მოროზოვის განცხადებით, პარტიას ჰყავს ლიდერი ვლადიმერ პუტინი და იმ შემთხვევაში თუ პრემიერი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, "ედინაია რასია" მხარს ვლადიმერ პუტინს დაუჭერს.
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვლადიმერ პუტინი არის ჩვენი ლიდერი და თუ ის კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მას არჩევნებზე. ეს არის "ედინაია რასიას" პრინციპული პოზიცია და ის ლოგიკურია", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
ამავე დროს მოროზოვმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინი პრეზიდენტად კენჭს არ იყრის, ხოლო დიმიტრი მედვედევი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, "მოქმედ პრეზიდენტი შეეძლება დაეყრდნოს "ედინაია რასიას", რადგან სხვა რეალური ძალა ქვეყანაში არ არსებობს".