საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის შესახებ განმარტებას აკეთებს.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს, როდესაც იგი საქართველოს - როგორც #1 რეფორმატორის - შესახებ საუბრობდა, გულისხმობდა არა Financial Times-ის, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს.
"2010 წლის გლობალური ბარომეტრის მონაცემებით, მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ კორუფცია მნიშვნელოვნად ან ძალზე მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად ან ძალზე ეფექტურად ებრძვის კორუფციას. 86 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ეს კვლევა ჩატარდა, საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა", - განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტი გულისხმოდა არა Financial Times-ის, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" მიერ ჩატარებულ კვლევებს.
შეგახსენებთ: ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ Financial Times-მა საქართველო #1 რეფორმატორად აღიარა და ამას საგანგებო სტატია მიუძღვნა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი მათიას ჰუტერი ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ასეთი სტატია არასოდეს გამოქვეყნებულა Financial Times-ში, გაზეთში დაიბეჭდა მხოლოდ რეკლამა, რომელშიც ქართულმა მხარემ 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ჰუტერის განცხადებას აბსურდული უწოდა.