13 აპრილს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მსოფლიო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი "გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში" და შეჯამდება უკვე განვლილი აქტივობები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა, სტუდენტურმა ორგანიზაციამ EMSA TSU "საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან" და სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად 7 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) წლევანდელი ღონისძიება ანტიმიკრობულ რეზისტენტობას მიუძღვნა და მსოფლიო საზოგადოებას წამლების ბალანსირებადი გამოყენებისკენ მოუწოდა.
დევიზით "თამბაქოსგან თავისუფალი სიცოცხლისთვის" 11 აპრილს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა თამბაქოს ზიანის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს. 12 აპრილს თსუ-ში ნარკომანიის თემაზე მომზადებული პრეზენტაცია გაიმართა და კინოფილმის "კალათბურთელის დღიურები" ჩვენება მოეწყო.