"ნურავის გაუკვირდება, რომ ქართულ საქმეს დავაფინანსებ", - ასე პასუხობს რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი, "საქართველოს ხალხთა ასამბლეის" ხელმძღვანელი გოჩა ძასოხოვი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბარში მის მიერ ქართული ოპოზიციის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს.
"სულ არის საუბარი, რომ ძასოხოვი აფინანსებს ოპოზიცას, სახელდება კონკრეტული გვარები. ვინც მიცნობს და იცის ჩემი წარსული, ჩემი რწმენიდან გამომდინარე, მე ქართველ ხალხს და საქართველოს ვაფინანსებდი, არა მარტო ეკონომიკის, არამედ კულტურის, სულიერებისა და განათლების სფეროში. ნურავის გაუკვირდება, რომ ქართულ საქმეს აუცილებლად დავაფინანსებ. განსხვავება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მათ სულიერებასა და ფასეულობებშია. აუცილებელი არ არის, საქართველოში იმყოფებოდე და მარტო მაშინ აკეთო ქართული საქმე. მკრეხელი ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ არც ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოში და ყველაზე დიდი ქართული საქმე გააკეთა -საქართველოს განძი შეუნახა. ქართველი ემიგრანტები, ვინც საქართველოდან ვართ წამოსული, მაინც ქართულ საქმეს ვაკეთებთ და სამშობლოს ვემსახურებით", - აცხადებს ძასოხოვი.