საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"არავითარი გამართლება არა აქვთ მათ, ვინც ხელყო უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და ადასტურებს მზადყოფნას ამ საყოველთაო ბოროტების წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ბარბაროსული ტერორისტული აქტის ორგანიზატორები და შემსრულებლები გამოაშკარავებული იქნებიან და მიიღებენ დამსახურებულ სასჯელს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
შეგახსენებთ, რომ მინსკის ცენტრალურ მეტროპოლიტენში აფეთქება გუშინ მოხდა. 12 კაცი დაიღუპა და 151 დაშავდა.