ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ნატო ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მძიმე არტილერიის გასანადგურებლად საკმარისს არ აკეთებს.
"მიუხედავად ნატო-ს საჰაერო ოპერაციებისა, ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხის ქვეშ რჩება", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგი კი ნატო-ს მოუწოდებს, გააძლიეროს სამხედრო ოპერაციები მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ.
"ნატო-მ თავისი როლი სრულად უნდა ითამაშოს. მან ისურვა, რომ წამყვანი როლი მას ჰქონოდა, თუმცა მისი ქმედებები არასაკმარისია", - განაცხადა ჰეიგიმ ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად მოკავშირეებმა ლიბიაზე საჰაერო თავდასხმები 19 მარტს დაიწყეს. რეზოლუციის თანახმად, აღნიშნული ოპერაციები მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა ნატო-მ აიღო.