პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ევრობონდების გამოშვებით საქართველოს საინვესტიციო კლიმატისადმი ინვესტორების მხრიდან დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესდა. პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ უცხოელი ინვესტორები ქვეყანას ამ გარიგებით "10 წლის ვადით ენდობიან".
"სრულდება ის გარიგება, რომელიც ქართულ ფასიან ქაღალდებს ეხება. საუბარია 500 მილიონი დოლარის ევრობონდებზე. აღნიშნულს უცხოური მედია და ექსპერტები უკვე გამოეხმაურნენ და ერთ-ერთ საუკეთესო გარიგებად შეაფასეს. ახალი ევრობონდების ვადები 7-დან 10-წლამდე გაიზარდა. ამ გარიგებით საგრძნობლად გაუმჯობესდება დამოკიდებულება ინვესტორების მხრიდან, რადგან შეიძლება ითქვას, რომ უცხელი ინვესტორები ქვეყანას უკვე 10 წლის ვადით ენდობიან", - განაცხადა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აღნიშნული გარიგების შედეგად, ქართველ ბიზნესმენებს შეეძლებათ უფრო მეტი და დაბალპროცენტიანი ინვესტიციები მოიზიდონ.
"წარმატებულ გარიგებას შედეგად მოჰყვება საქართველოს მიმართ ინვესტორებისგან უფრო მეტი დაინტერესება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა სახელმწიფო ვალის საკითხი", - დასძინა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.