ევროსაბჭო საქართველოს საკითხზე მომზადებულ რეზოლუციებს დღეს განიხილავს.
პირველი დოკუმენტი აგვისტოს ომის შემდეგ ჰიმანიტარული საკითხების შეფასებას შეეხება, მეორე კი საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება-არშესრულების საკითხს.
რეზოლუციის პროექტის ავტორები მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები - კასტრიო ისლამი და მიხაელ იენსენი არიან. 40-გვერდიანი დოკუმენტის დასკვნაში წერია, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის შედეგებისა და პოლიტიკური ჩიხის მიუხედავად, რომელმაც საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური გარემო დააზარალა, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში. თუმცა, აქვე დაფიქსირებულია რამდენიმე შენიშვნაც.
"საქართველოს ამ დრომდე არ შეუსრულებია წევრობის ზოგი ფორმალური ვალდებულება. ასევე პრობლემები რჩება დამოუკიდებელ სასამართლოსა და სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ანგარიშის დასკვნაში.
ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსიტუტების გაძლიერების მიუხედავად, პოლიტიკური დაძაბულობის გადასაჭრელად აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება.
"დემოკრატიული სისტემის სიმყარე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა უნდა დაამტკიცოს. ვურჩევთ საპარლამენტო ასამბლეას, კვლავ გააგრძელოს საქართველოში მონიტორინგის პროცედურა", - აღნიშნულია ანგარიშში.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გუშინ გაიხსნა და ის 15 აპრილს დაიხურება.