მინსკში, მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე", სავარაუდოდ, 5-დან 7 კილოგრამამდე ტროტილი აფეთქდა.
ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანატოლი კულეშოვმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის სასაზღვრო ძალების მიერ სახელმწიფოში შემავალი ყველა ტრანსპორტი მკაცრად კონტროლდება.
".უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხალხმრავალ ადგილებში გაზრდილია სამართალდამცავების რიცხვი", - განაცხადა მინისტრმა და აქვე აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალის გაშიფვრაც.
"კამერაზე აღბეჭდილი კადრები დეტალურად იქნება შესწავლილი და გაანალიზებული. გამომძიებლები განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს საბოლოო სურათის აღდგენამდე", - დასძინა ანატოლი კულეშოვმა.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება გუშინ მოხდა. ბელორუსის გენერალურ პროკურატურას აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს. რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მის დასაკავებლად უკვე მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა.